ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N47 / რევაზ კომახიძის ქუჩა N16
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის კუთხეში აღმართული ორსართულიანი სახლი, სავარაუდოდ XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული. სახლში შესასვლელი გამსახურდიას ქუჩიდანაა მოწყობილი შენობის მარცხენა ნაწილში. შესასვლელის თაღოვან ღიობს კანელურებიან პილასტრებზე გადაყვანილი თაღი მიუყვება, რომელიც ფრონტონით სრულდება. პირველი სართული დიდი მართკუთხა ღიობებითაა (ვიტრინებით) დანაწევრებული. კომახიძის ქუჩის მხრიდან კი კედელი ყრუა. მეორე სართულის ორივე ფასადზე კარ-სარკმელთა თაღოვანი ღიობებია, მხოლოდ გამსახურდიას მხრიდან აქვს კარის აყოლებაზე გაჭრილ ერთ სარკმელს მართკუთხა მოხაზულობა, რომელიც ფრონტონითაა დასრულებული. ღიობები მეორე სართულის ფასადზე კედლის მთელს სიბრტყეზე, კარნიზამდე აყოლებული ბრტყელი პილასტრებითაა ერთმანეთისგან გამოყოფილი. პილასტრები კომახიძის ქუჩის მხრიდან `კორინთული~ კაპიტელებით სრულდება, სავარაუდოდ, ასეთივე კაპიტელები ექნებოდა სვეტებს კ. გამსახურდიას ქუჩის მხრიდანაც, თუმცა ახლა ეს კაპიტელები ერთიანად ნალესობის ფენითაა დაფარული. ღიობები მოჩარჩოებულია კანელურებიან პილასტრებზე გადაყვანილი თაღებით. მეორე სართულზე ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნებია გადმოკიდებული. სახლს პროფილირებული კარნიზი აქვს, რომლის ქვემოთაც კბილანებიანი ფრიზი გაუყვება. შენობა პარაპეტითაა დასრულებული. საცხოვრებელი სახლი კლასიცისტური სტილის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. ის მნიშვნელოვანია ქუჩის განაშენიანებაში, როგორც კუთხის შენობა. სახლი სადა, მწყობრი ფასადებითა და შენობის გამართული პროპორციებით გამოირჩევა და ასევე მშენებლობის კარგი ოსტატობით.