ხულოს მუნიციპალიტეტი. გოდერძის უღელტეხილი
ძეგლის მოკლე დახასიათება
გოდერძის უღელტეხილის („მეტეოს“) უცნობი სასაფლაოები მდებარეობს უშუალოდ გოდერძის უღელტეხილზე - ხულო/ზარზმის გზატკეცილის მიმდებარედ, სეზონური ალპური დასახლების „ყორანა იაილის“ ახლოს, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე. თანამედროვეობაში აღნიშნულ იაილას „პერევლი იაილას“ ეძახიან, ხოლო უშუალოდ იმ ადგილს, სადაც სამაროვანი მდებარეობს „მეტეოს“ უწოდებენ. საბჭოთა პერიოდში მიმდებარედ მეტეოროლოგიური სადგური იდგა და სახელწოდებაც „მეტეო“ აქედან შემორჩა. დღეისათვის მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე სასტუმრო „მეტეო“ არის აშენებული. სასაფლაოების კუთვნილების შესახებ სხვადასხვა ხალხური მოსაზრება არსებობს: ზოგიერთი ინფორმაციით ეს სამარხები რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1877-1878 წლების ომი) დაღუპულთა სასაფლაოებია, ხოლო ზოგი მონაცემებით საფლავები ჰემშილებს ეკუთვნით, რომლებიც ალპურ ზონაში მომთაბარეობდნენ და წრილფეხა საქონელს აძოვებდნენ. სამარხები დაკრძალვის მიმართულების მიხედვით მაჰმადიანურია. გვხვდება სხვადასხვა მოცულობების საფლავები, რაც მიუთითებს, რომ დაკრძალულთა ასაკობრივი კუთვნილება სხვადასხვა უნდა ყოფილიყო. სამარხთა განლაგებაში შეიმჩნევა გარკვეული თანმიმდევრობა და რიგი. საფლავებს თავისა და ფეხის მხარეს დადგმული აქვს განსხვავებული ფორმის გათლილი ქვები - მცირე ზომის ერთგვარი „სტელები“. საფლავის ამგვარი ქვები აჭარის მემორიალური კულტურისათვის იშვიათია.