ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.ხუცუბანი
ძეგლის მოკლე დახასიათება
მდ. კინტრიშზე გადებული ორმალიანი ხიდი 1924 წელს, იტალიელი არქიტექტორის, ავგუსტო ვერცის პროექტით არის აგებული. როგორც მოცემულ ეპოქას შეეფერება, ხიდი რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზეა გამართული და ორ მასიურ ბურჯზეა დაყრდნობილი (მისი ზომებია: სიგრძე 40 მ, სიგანე - 4,3 მ. მოაჯირის სისქე - 40 სმ.). ხიდი მოპირკეთებულია ბაზალტის ქვის თლილი კვადრებით. მალის წიბოები გამოყვანილია სოლისებრი ქვებით; ბურჯების პერანგისათვის გამოყენებულია რუსტირებული კვადრები. წყობა თარაზულია; ნაკერები ხაზგასმულია ხსნარის ფერით. ხიდს აქვს რუსტირებული ქვის პარაპეტი. დიდმალიანი თაღის კეხში განთავსებულია ქვის მართკუთხა ფილაზე ამოკვეთილი რელიეფი, კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული სიმბოლო - ნამგალი და ურო თავზე ხუთქიმიანი ვარსკვლავით.