ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N20
ძეგლის მოკლე დახასიათება
წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია 1865-1871 წლებში აიგო ადგილობრივი ბერძნების დაკვეთით, როდესაც ბათუმი ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ეკლესია 1930-იან წლებში დაიხურა, ხოლო 1948 წელს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შუამდგომლობით, აქ კვლავ აღდგა ღმრთისმსახურება. შენობა წარმოადგენდა რუსული, კლასიცისტური სტილის ნიშნების მატარებელ ნაგებობას, რომელმაც დღევანდელი სახე 2009 წლის რეკონსტრუქციის დროს მიიღო, როდესაც მოხდა აგურითა და ნალესობით წითელი და თეთრი თარაზული ზოლების გამოყვანა, რითიც ნაგებობამ ბიზანტიური ტაძრების იერი მიიღო. რაც შეეხება ინტერიერის შემამკობელი მოხატულობას, ის 2002 წელსაა შესრულებული. ეკლესია ორი ქუჩის გადაკვეთაზე დგას მჭიდრო განაშენიანებაში და ის გალავნითაა შემოზღუდული. შენობა ჩაწერილი ჯვრის ტიპის გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს, სადაც გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობა. ეკლესიას აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს. ტაძრის დასავლეთით ნართექსია მოწყობილი, რომლის ზემოთაც პატრონიკეა. ამ ნაწილს ზემოთ სამრეკლო ადგას. ტაძრის სამხრეთი შესასვლელის მარცხენა ნაწილში ქვის ფილაა ჩასმული, რომელზეც წმ. ნიკოლოზის რელიეფური გამოსახულებაა ბერძნული წარწერით, აქვეა მოცემული ტაძრის მშენებლობის დაწყებისა და დასრულების თარიღი. ტაძრის ფასადებში ბერძნულ-რუსულ წარწერებიანი საფლავის ქვებია ჩადგმული (მარმარილოს 2 ფილაა ტაძრის ჩრდილოეთ კედელში, 1 - სამხრეთით).
მიუხედავად გადაკეთებისა, ეკლესია მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე, როგორც ერთ-ერთი ადრეული საეკლესიო ნაგებობის ნიმუში. დღეს ტაძარი ქართული, მართმადიდებლური ეკლესიის მფლობელობაშია.