ქ. ბათუმი, დავით კლდიაშვილის ქუჩა N27 / პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N21
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის კვეთაზე განთავსებული კუთხის სახლის არქიტექტურა რამდენიმე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება. დაბალ ცოკოლზე აღმართული პირველი სართული XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. 1947 წელს მას მეორე სართული დააშენეს. 1957 წელს შენობა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციას გადაეცა. 1970-იან წლებში ნაგებობას კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან ორსართულიანი მინაშენი მიადგეს, ხოლო უკანა კედელზე დარბაზი მიაშენეს.შელესილი და ღია მწვანე ფერზე შეღებილი ფასადები ეკლექტურად არის გაფორმებული. ცოკოლის არეს რუსტიკის იმიტაცია ფარავს. პირველი სართული სწორკუთხა, ხოლო მეორე თაღოვანი ღიობების რიგით ნაწევრდება. კედლის სიბრტყეს ჰორიზონტალური ღარები გასდევს, ხოლო ღიობებს მარტივი საპირე ევლება. მეორე სართულის ფანჯრების ფრამუგების ქუსლების დონეზე პროფილირებული ჰორიზონტალური სარტყელია გავლებული. მის ზემოთ კედლის სიბრტყეს თევზის ქერცლის იმიტაცია აფორმებს. სახლის დასაფეხურებული კუთხე მომრგვალებული ფორმის შპილიანი გუმბათით დაგვირგვინებული ერკერით არის აღნიშნული. მეორე სართულზე, ერკერის წინ, ნახევარწრიული აივანია მოწყობილი. მას ბეტონის სხმული რიკულებისგან შედგენილი მოაჯირი აქვს. ერთადერთი სადარბაზო მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან, ფასადის კიდეშია გაჭრილი. ის შეჭრილია კედლის სიღრმეში, რის გამოც, მის წინ სვეტებზე დაფუძნებული პორტიკი წარმოიქმნება. სადარბაზოს ინტერიერის დეტალებიდან აღსანიშნავია მოჭიქული ფილებით მოპირკეთებული კედლის ღუმელი. გზაჯვარედინს პლასტიკურად მორგებული შენობა თავისი არქიტექტურული გადაწყვეტითა და მასშტაბით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი ქუჩის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში.