ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N25 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N33
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სახლი 1893 წელს ააშენა იტალიელმა კომერსანტმა სარიჩიჩმა. XX საუკუნის დასაწყისში აქ იტალიის დიპლომატიური სააგენტო იყო განთავსებული. ორსართულიანი შენობა მანსარით ქუჩების კვეთაზე დგას. მისი სწორკუთხა ფანჯრების რიგით დანაწევრებული ფასადები შეულესავი აგურისაა. აგურითვეა გამოყვანილი თავშეკავებული არქიტექტურული დეკორი _ ღიობების თავსართები, ფანჯრების რაფების ქვეშ განთავსებული ჩაღრმავებული მართკუთხედები, სართულშუა სარტყელი და კბილანებით გაფორმებული კარნიზი. სახლის წაკვეთილ კუთხეზე სამი თაღოვანი ღიობით გახსნილი მომრგვალებული ერკერი გამოდის. მას მანსარდის შპილით დაგვირგვინებული გუმბათი ადგას. სახლს სამი სადარბაზო აქვს. ერთი კუთხის ფასადზე, ორი კი გვერდითა ფასადების კიდეებშია გაჭრილი. სამივეს ხის დეკორატიულად გაფორმებული კარი კეტავს. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული რესტავრაციის დროს განაახლეს მანსარდის თუნუქის ქერცლისებრი სახურავი და ღიობების მომფარგლავი ლითონის სანდრიკები.სახლი ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობაა. ის განსაზღვრავს ორი ქუჩის მასშტაბს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი სივრცითი ორგანიზების საკითხში.