ბათუმის ორთა ჯამე. ქ.ბათუმი, ჩკალოვის ქუჩა 6, ქუთაისის ქუჩა 33
აჭარის სამუფთოს ცენტრალური მეჩეთი 1866 წელსაა აგებული. მას ორთა ჯამე (შუა ჯამე) ეწოდა, რადგან იგი ორ მეჩეთს "აზიზიესა" და "მუფთიეს" შორის იყო განთავსებული.
ეს არის მართკუთხა გეგმის მოზრდილი შენობა მაღალი მინარეთით კუთხეში და დიდი მოოქროვილი გუმბათით შუაში. შელესილი და თეთრად შეღებილი ფასადები სადაა. ისინი დანაწევრებულია მართკუთხა ფანჯრებით, რომლებსაც პროფილირებული საპირეები შემოწერს და ბრტყელი ფრონტონები აგვირგვინებს. გრძივ ფასადებზე მართკუთხა ფანჯრები მონაცვლეობს წრიულთან, რომელთა ზემოთაც დაწოლილი ნახევარმთვარეებია გამოსახული. უფრო მდიდრული გაფორმება აქვს აღმოსავლეთ კედელში (ჩკალოვის ქუჩის მხარეს) გაჭრილ კარს. ის ფლანკირებულია პილასტრებით, რომლებზეც გადადის მაღალი მუზარადისებური თაღი. თაღის ტიმპანში მრგვალი ფანჯარაა გაკეთებული.ფანჯრები ფასადებზე ორ იარუსად არის განლაგებული, მაგრამ შიგნით სივრცე ერთიანია, მხოლოდ მინბარის გალერეაა შიგ ჩაშენებული. ხის კოჭოვანი სახურავი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგარ მრგვალ სვეტს. შუა მონაკვეთის თავზე გაკეთებულია ხისავე ძელებით აწყობილი გუმბათი. ჭერი, გუმბათი და მინბარისა და კათედრის მოაჯირები ფერადოვანი დეკორატიული მხატვრობით არის დაფარული. ორთა ჯამე ბათუმის ერთ-ერთი უძველესი შენობაა, ის ჯერ კიდევ ოსმალური ხელისუფლების დროს არის აგებული. შენობა გვიანოსმალური პროვინციული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიმუშია და თავისი თვალშისაცემი ელემენტებით - მინარეთითა და გუმბათით არსებით როლს ასრულებს ბათუმის მულტიკულტურული ურბანული გარემოს შექმნაში.