ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N13 / ხულოს ქუჩა N12
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
კუთხის სახლი, სავარაუდოდ XIX საუკუნის ბოლო წლებში უნდა იყოს აშენებული, რომლის მფლობელიც ვინმე ესოიანი იყო. შენობის კუთხეს ტეხილი ფასადის სახე აქვს მიცემული. სახლს ხულოს ქუჩიდან მოგვიანო, უსახური მიშენება აქვს. შენობის პირველ სართულს პილასტრისებრი შვერილები გააჩნია, რომელთა შუაშიც, დიდ ჩაღრმავებულ სიბრტყეებში კარ-სარკმელთა სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი. მეორე სართული რისტურებული პილასტრებითაა დანაწევრებული და ღიობებს მშვილდთაღოვანი მოხაზულობა აქვთ. ღიობებს პროფილირებული საპირე შემოუყვება, რომელთა შუაშიც საჭექი ქვებია ჩადგმული. სარკმლები ფრონტონებით გვირგვინდება. სახლს პროფილირებული, მცირედ შვერილი ლავგარდანი ასრულებს. გორგასლის ქუჩიდან სახლის მეორე სართულზე ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს. სახლისთვის დამახასიათებელია თავდაჭერილი, სადა დეკორატიული გაფორმება.შენობა თავისი საინტერესო გეგმარებით, კუთხის შეტეხილი ფასადით, მნიშვნელოვანი ნაგებობაა ქუჩის განაშენიანებაში. შეტეხილი ფასადი გააზრებულადაა გამოყენებული ხულოს ვიწრო ქუჩაზე მიმავალი გზისთვის.