წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვედა აჭყვა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვაში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული. საბჭოთა პერიოდში ტაძარი დახურული უნდა ყოფილიყო, მისი აღდგენა და ღვთისმსახურების განახლება 1990-იან წლებში მოხდა, როგორც იუწყება ტაძრის ერთ-ერთი აბრა (1996 წელს განახლდა მრევლის შემოწირულობის ხარჯზე). სწორედ ამ დროს უკავშირდება ეკლესიის ახლანდელი იერსახე. ტაძარი ერთაფსიდიან დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომლის ზომებია - 8,8X7,8 მ. ეკლესიის საბურავი თუნუქისაა, რომელმაც, სავარაუდოდ, პირვანდელი კრამიტის საბურავი ჩაანაცვლა. აღმოსავლეთ-დასავლეთ გრძივ ღერძზე გაშლილ ტაძარს ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთ და დასავლეთ ფასადების სიმეტრიის ღერძზე თითო არქიტრაული გადახურვის კარია გაჭრილი. სამხრეთ შესასვლელს მოგვიანებით მარტივი კონსტრუქციის კარიბჭე მიაშენეს, რომელსაც, თავის მხრივ, სამრეკლო დაეშენა. კარიბჭე-სამრეკლოს მინაშენი ტაძრის ძირითად მოცულობას საკმაოდ აღემატება ზომით, სხვაობაა არქიტექტურულ განწყობასა და სივრცულ გადაწყვეტაშიც.