ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
ქ. ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N77
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აჭარის პროფესიული კავშირების კულტურის სახლის შენობა 1960 წელს აიგო. აქ სისტემატურად იმართებოდა კონცერტები, აჩვენებდნენ კინოფილმებს, იმართებოდა კულტურული ღონისძიებები. შენობა აგებულია სოციალისტური წყობილებისათვის დამახასიათებელ სტილში. 1994 წლიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული შენობაში განთავსდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც ინახება სხვადასხვა დროს აჭარისა და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი ექსპონატები ბრინჯაოს ხანიდან ვიდრე მე-18 საუკუნემდე.
შენობა ქვითაა ნაგები და შელესილია. გაფორმებულია კლასიცისტურ სტილში. ცოკოლის სართული და ფასადი რუსტირებულია. ფასადი მაღალი თაღებითაა გახსნილი, რომლებიც ემყარება მძლავრ სვეტებს. თაღები შემკობილია ნალესობითა და დეკორით. მცენარეული ხასიათის დეკორაციული ორნამენტებით არის შემკული ფასადზე გამეორებული თაღოვანი ფორმები. შენობაზე ფართო ღიობებია გაჭრილი, ხოლო კარნიზის ქვემოთ ორნამენტულ ჩარჩოში, წყვილი, მრგვალი, სარკმლებია განთავსებული. შენობის კიდურა ნაწილებში კი, ოვალური ფორმის ღიობებია. შენობას ორნამენტული ფრიზი მიუყვება. ნაგებობას ასრულებს პროფილირებული კარნიზი, რომელიც დეკორაციულ კრონშტეინებს ეყრდნობა.
შენობის გვერდები წინა ფასადის მსგავსად, გაფორმებულია თაღოვანი ფორმებით, რომლებშიც სარკმლები და მცირე ზომის აჟურულმოაჯირიანი აივნებია განთავსებული. უკანა ფასადი არ ხასიათდება მხატვრული დეტალებით.
ამდენად, აღნიშნული შენობა წარმოადგენს საბჭოური არქიტექტურის ერთ-ერთ სახასიათო ნიმუშს. ნაგებობა აღსანიშნავია თავისი მონუმენტურობით, პროპორციულობით, ფასადების გაფორმებითა და კარგი სამშენებლო ოსტატობით.