ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N62 / რევაზ კომახიძის ქუჩა N11
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის კვეთაზე აღმართული ორსართულიანი სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. შენობის პირველი სართული ნაწილობრივ გადაკეთებული უნდა იყოს. ორივე ფასადი დიდი, მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. კედლები ძირითადად ბრტყელია, მხოლოდ კუთხეებში სადარბაზოებსა და ეზოში შესასვლელებთან აქვთ კედლებს რუსტირების იმიტაცია მიცემული. სართულები ერთმანეთისგან მარტივი ფრიზით გამოიყოფა. მეორე სართული პირველთან შედარებით უფრო აქტიურადაა დამუშავებული. აქ საფასადო დეკორი ერთიმეორეს იმეორებს. ესაა მართკუთხა ღიობებით დანაწევრებული სიბრტყე, რომელთაც იდენტური შემკულობა გააჩნიათ. დეკორატიული შემკულობა სარკმელთა გარშემოა თავმოყრილი: ღიობი ფლანკირებულია საფეხუროვანი შვეული ზოლებით, რომლებიც ღიობთა ზედა ნაწილში ოდნავ განზე იწევა და ზემოთ ნახევარწრითა და შიგ ექვსქიმიანი ვარსკვლავით სრულდება. ამ ზოლებსა და ღიობთა ზემოთ არსებული არე ფრონტონითაა შემკული, რომლის ქვედა თარაზულ ზოლზე საჭექი ქვის მსგავსი დეტალია ჩასმული. ხოლო ზედა ნაწილში ორ-ორი რკალია მოცემული. სახლის ამ სართულს კუთხის აივანი შემოუყვება, თითო აივანია ასევე შენობის კუთხეებისკენ, ორივე ქუჩათა ფასადებზე. შენობის კუთხეები კანელურებიანი პილასტრებითაა მონიშნული. სახლი მარტივი პროფილის კარნიზითაა დასრულებული, რომელსაც ქვემოთ კბილანებიანი ფრიზი გაუყვება. შენობას მოგვიანოდ დაშენებული მანსარდა ასრულებს. საცხოვრებელი სახლი საინტერესოა არა მხოლოდ თავისი ადგილმდებარეობით, რაც ქუჩათა განაშენიანებისთვის საკვანძოა, თავისი პროპორციებითა და მასშტაბით, არამედ მეორე სართულის ფასადთა საინტერესო დეკორატიული ელემენტებით.