ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის ქ.706
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირის #706-ში მდებარე ყოფილი საცხოვრებელი სახლი ძველი ქობულეთის სანაპიროზე განაშენიანებულ ელიტარულ საკურორტო ზონის მდიდრულ აგარაკთაგან ერთ-ერთია.ოდესღაც ფუფუნებასთან და პრივილეგირებული დასვენების უფლებასთან დაკავშირებული ნაგებობა ამჟამად ნახევრად დანგრეული და ავარიულ მდგომარეობაში მყოფია. 2006 წელს ჩატარებული საინვენტარო აღწერის შემდეგ, ძეგლზე კონსტრუქციული და მხატვრულ-არქიტექტურული დანაკარგები აღინიშნება, როგორიცაა საბურავის დიდი ნაწილის ჩამოქცევა, დანგრეული საყრდენი კედლები და სხვ.აგურით ნაგები შენობა შემაღლებულ ბორცვზე დგას და მთავარი ფასადით ქალაქის ცენტრალურ ქუჩას გადაჰყურებს. ხაზოვანი გეგმარების სახლი ეზოს სიღრმეში განვითარებული მარჯვენა მხრის ფლიგელით სრულდება. შენობის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახე ფსევდო-ბაროკალურ სტილშია გაადაწყვეტილი. საფასადო დანაწევრება მაღალი და ფართო, სწორკუთხა ღიობთა სიმეტრიულ გადანაწილებას მიჰყვება; ღერძული მნიშვნელობისაა მთავარი ფასადის მხატვრული გადაწყვეტა, რომლის კომპოზიციური სქემა წაკვეთილი პირემიდებით გადახურული რიზალითებს შორის მოქცეულ სვეტებიან ლოჯიასა და მარცხენა რიზალითის პორტიკს მოიცავს. ფასადი დღემდე ახდენს შთაბეჭდილებას თავისი რეპრეზენტაციულობით, მიუხედავად ჩამონგრეული საბურავის, გაშავებულ-დანესტილი კედლებისა და მორღვეული კარ-სარკმლის ღიობებისა. არანაკლებ სავალალოა შენობის საბურავგამოცლილი შიდა გეგმარება, უკანა ფასადების გაშიშვლებული კედლები და ბალახმოდებული კონსტრუქციები.