ქ. ბათუმი, მერაბ კოსტავას ქუჩა N30
ძეგლის მოკლე დახასიათება
სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. შენობის ცენტრში ეზოში შესასვლელი მართკუთხა ღიობიანი გვირაბია გაჭრილი. პირველი სართული შედარებით სადადაა გადაწყვეტილი. ის სხვადასხვა ზომის კარ-სარკმელთა ღიობებითაა დანაწევრებული, რაც, სავარაუდოდ, გვიანი გადაკეთების შედეგი უნდა იყოს. ეზოში შესასვლელი ღიობის კედლები მართკუთხა სეგმენტებითაა გაფორმებული, ხოლო ცენტრში ყვავილის რელიეფური გამოსახულებაა, ასეთივე გამოსახულებებია ამავე სართულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებშიც. სართულების გასამიჯნად გამოყენებულია პირამიდისებრი კუბების რიგი. მეორე სართულის ფასადი მართკუთხა კარ-სარკმელთა ღიობებითაა დანაწევრებული, რომელთაც მარტივი პროფილის კუთხოვანი ზედა მოჩარჩოება შემოუყვებათ. სარკმელთა ქვემოთ არსებული კედლის სიბრტყე კვლავ პირამიდისებრი კუბების სამ-სამი წყვილითაა შემკული. შვერილი კარნიზის ქვემოთ ორმაგკბილანებიანი ელემენტების რიგია. მეორე სართულზე ორი ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანია გადმოკიდებული, რომლებიც ლითონის აჟურულ დეკორატიულ კრონშტეინებს ეყრდნობა. ორსართულიანი შენობა სიმეტრიულობითა და მეორე სართულზე გაჭრილ ღიობთა რიტმული დანაწევრებით გამოირჩევა. სახლის სადარბაზოში დარჩენილია ძველი საფეხურები და ლითონის აჟურული მოაჯირები. ის კარგი სამშენებლო ტექნიკითა და ფასადთა საინტერესო გადაწყვეტით გამოირჩევა.