შუახევის მუნიციპალიტეტი. სოფ. ცინარეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ცინარეთის ციხე მდებარეობს მარეთის ხეობის შენაკად უჩამბის წყლის ხეობაში (მიდამოები "ყალა ბონი"), შუახევი-ცინარეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. ციხე-კოშკი უზარმაზარ კლდის მასივზეა დაშენებული. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ გალავნის კედლები კლდის გარეპირზეა მორებული, ამიტომაც ციხის გეგმას კლდის რელიეფი განსაზღვრავს. შემორჩენილია გალავნის კედლებისა და შიდა ნაგებობათა ნაშთები. ციხე აგებულია კლდის ფლეთილი ქვით. ძეგლის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება ქვევრების მთლიანი თუ დაზიანებული ნაშთები. ციხეს საკონტროლო–თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. ციხე ორნაწილიანი იყო. შემორჩენილია მხოლოდ ზემონაწილი. ციხე აკონტროლებდა უჩამბას ხეობას. ციხის ქვემო ნაწილი „პატარა კალო“ შუახევი–ცინარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობისას დაინგრა. ციხის ზედა ნაწილში დაცულია კლდეში ნაკვეთი ოთხკუთხა ფორმის წყლის რეზერვუარი.