ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N19 - მემედ აბაშიძის ქუჩა N38
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
საგანგებოდ პრესის სახლისათვის XX საუკუნის 30-იან წლებში აგებულ შენობაში 2007 წლამდე გაზეთების ,,აჭარა“ და ,,ადჟარია“ რედაქციები იყო განთავსებული. შემდგომ აქ ბანკმა დაიწყო ფუნქციონირება. სამსართულიანი, მასშტაბური ნაგებობა, ქუჩების კუთხესთან არის აღმართული და თანაბარი სიგრძის ფასადებით იკითხება განაშენიანებაში. ორივე ფასადის გადაწყვეტა ერთგვაროვანია. ფასადების კიდეებთან და შუა ნაწილში ოდნავ შვერილი, რიზალიტისებრი გადაწყვეტა ჩანს. სწორკუთხა ღიობები სამივე სართულზე სიმეტრიულადაა განაწილებული. პირველ სართულზე, ფანჯრების ძირამდე, კედლების ზედაპირი გლუვად, ხოლო, ზემოთ განივი ზოლებითაა დამუშავებული. ზედა ორ სართულს "გიგანტური" პილასტრები აერთიანებს, რომელთა შორის, მეორე სართულის ფანჯრებს ქვეშ, ბალიასინების მწკრივია მოცემული. პილასტრებს სტილიზებულ ვოლუტებიანი კაპიტელები ასრულებს. მის ზემოთ ფასადებს შემოსდევს რელიეფური ზოლები, გლუვი სიბრტყე, პროფილირებული კარნიზი კბილანების მწკრივით და ბოლოს სწორხაზოვანი, დაბალი, პარაპეტი. შენობის მთავარი ფასადის (მ. აბაშიძის გამზირის მხრიდან) შუა ნაწილში შეღრმავებაა. აქ, შენობის ცენტრალური შესასვლელია განთავსებული. ზედა ორ სართულზე, უბე გაერთიანებულია; აგების პერიოდის კლასიცისტური სულისკვეთება და სიხისტე ნაწილობრივ შერბილებულია შენობის რეკონსტრუქციისა და თავდაპირველი ტერაზიტული ლესვით მიღებული ღია დაფერვის შედეგად. ნაგებობა ქუჩის ერთ-ერთი სოლიდური არქიტექტურული ერთეულია.