ქ. ბათუმი, მერაბ კოსტავას ქუჩა N28
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის პირველ ნახევარში აგებულ შენობას მოგვიანოდ ყოვლად უსახური და შენობის მხატვრული სახისთვის შეუფერებელი მანსარდა დაადგეს. შენობის ფასადები კარ-სარკმელთა მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. ეზოში შესასვლელი ჭიშკარი და სადარბაზო სახლის მარჯვენა ნაწილშია გაჭრილი. ორივე სართულის კარ-სარკმელთა ღიობებს (გარდა პირველი სართულის მარცხენა 2 სარკმლისა, რომლებიც მოგვიანო ხანაშია სახეცვლილი) ერთნაირი პროფილირებული საპირე შემოუყვებათ. მეორე სართულის ღიობების ქვემოთ არსებული კედლის მონაკვეთები მართკუთხა ელემენტებითაა აქცენტირებული, რომლებიც ერთმანეთისგან წრეებითაა გამოყოფილი. კედლები მეორე სართულის დონეზე რუსტირებულია. სართულები ერთმანეთისგან მარტივი პროფილის ფრიზით გაიმიჯნება. მეორე სართულზე ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანია მოწყობილი. ამავე სართულის კიდეებს კანელურებიანი მცირედშვერილი პილასტრები აუყვება. სახლი პროფილირებული ლავგარდნით სრულდება, რომელსაც კბილანებიანი ფრიზი მიუყვება. სახლი თავისი სისადავითა და დეკორატიული ელემენტების თავშეკავებული გამოყენებით XX საუკუნის დასაწყისის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.