ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N70
ძეგლის მოკლე დახასიათება
XIX საუკუნის დასასრულს აგებული საცხოვრებელი სახლი მ. პარასკევოპულოს საკუთრება იყო. მოგვიანებით იგი ექიმმა ი. სოგოიანმა შეიძინა. გასაბჭოების შემდეგ მასში სხვა ოჯახებიც შეასახლეს. შენობა წარმოადგენს გეგმაზე П ფორმის ერთსართულიან ნაგებობას, სარდაფით. შიდა ეზოში ფასადის შუაში განთავსებული, ღია ტალანით შევდივართ, ამდენად იქმნება წარმოდგენა, თითქოს ორი დამოუკიდებელი შენობაა, რომელიც მხოლოდ ფასადზეა გაერთიანებული, ტალანის სწორკუთხა ღიობით. ცოკოლის მონაკვეთი, სადაც გამოდის სარდაფის სწოკუთხა მოხაზულობის პატარა ფანჯრები, სრულიად სადაა. დეკორატიული თავსართები გადაევლება მხოლოდ ფანჯრებს. მთავარი სართულის ფასადი დანაწევრებულია სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრებით. სადა ფასადს რთავს სამ-სამი დეკორატიული სარტყელი, რომელიც ფანჯრების მოჩარჩოებას ერთმანეთთან აკავშირებს. ფანჯრების ზემოთ განიერი, საჭექი ქვის იმიტაციაა, ქვემოთ კი, მართკუთხა არეა წარმოდგენილი, შიგნით მოთავსებული წრით. ფასადს ასრულებს ძლიერ შვერილი თარო კარნიზი, რომლის ქვეშ დეკორატიული სარტყელია მეანდრის ორნამენტით. ნაგებობის შიდა ეზო ამჟამად დიდწილად სახეცვლილია, თუმცა კარგად ჩანს, რომ იგი შუშაბანდებითა და ლარნაკებით დამშვენებული კიბეებით იხსნებოდა. ეს საინტერესო დეტალები ნაგებობას მსგავსი საცხოვრებელი ტიპის საინტერესო ნიმუშად წარმოგვიდგენს.