ქ.ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N16 / მემედ აბაშიძის ქუჩა N46
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი აგურის შენობა მაღალი ცოკოლით, რომელშიც სარდაფია მოწყობილი, ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს. ნაგებობის ფასადი კლასიცისტურ სტილშია შესრულებული, ბაროკული ელემენტების გამოყენებით. სართულები სადა პროფილის მქონე კარნიზით ერთმანეთისგან არის გამიჯნული. სართულების გაფორმება განსხვავებულია. პირველი სართულის ღიობებს რელიეფური მოჩარჩოება მიუყვება. სარკმლის ძირები ხაზგასმულია მართკუთხა, ჩაკვეთილი სიბრტყეებით, ხოლო ზედა ნაწილში საჭექი ქვებია მოცემული. საპირე რელიეფურია, ტეხილი, ქვის წყობის იმიტაციით, განიერი და ვიწრო ქვების მონაცვლეობით. მეორე სართული სადაა, ცენტრში გადმოკიდებული ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნით. ზედაპირი ჰორიზონტალურ ღარებით არის დამუშავებული. ღიობებს სადა ჩარჩო მიუყვება. შენობა სრულდება პროფილიანი კარნიზით. ნაგებობაზე ტანადროული მანსარდაა მოწყობილი, რომელსაც დიდი რომბისებრი ლითონის ფირფიტები ფარავს და აგურითვე გამოყვანილია სამერცხურები. მანსარდაც მარალი კარნიზით სრულდება.განხილული საცხოვრებელი სახლი ტიპიური, მცირე ზომის ქალაქური ნაგებობაა. იგი შესანიშნავად ჯდება ქუჩის ამ მონაკვეთის მასშტაბსა და ხასიათში. მისი ფასადების კლასიცისტური გადაწყვეტა გაცოცხლებულია ბაროკული ელემენტებით.