ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N36
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქვითა და აგურით ნაგები ორსართულიანი სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აშენებული. სახლის ფასადი ქვითაა მოპირკეთებული და შეულესავად დატოვებული. ფასადი მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. პირველი სართულის კედლები რუსტირებულია. სახლის მარცხენა კიდურა ნაწილში სადარბაზოში შესასვლელი კარია გაჭრილი, რომელსაც ლითონის აჟურული წინფრა აქვს. შენობის მარჯვენა ნაწილში ლითონისავე აჟურული ეზოში შესასვლელი ჭიშკარია. სართულები ერთმანეთისგან მარტივი პროფილის მქონე სადა ფრიზით გამოიყოფა. მეორე სართულზე ცენტრში აჟურულმოაჯირიანი აივანია გადმოკიდული. შენობას პროფილირებული კარნიზი გაუყვება და პარაპეტით სრულდება. შენობა მნიშვნელოვანია თავისი სისადავითა და მშენებლობის კარგი ტექნიკით და XX საუკუნის დასაწყისის ბათუმის საცხოვრებელი სახლის საფასადო გაფორმების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.