ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N39
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა საზღვაო სანაოსნო ცენტრისთვის 1921-1925 წლებში აშენდა, თუმცა რკინიგზასთან სიახლოვის გამო ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდა და მასში რკინიგზელები შეასახლეს. ქვით ნაშენი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი გეგმით წაგრძელებულ მართკუთხედია. ქუჩის პირზე გამავალ მთავარ ფასადს აქცენტირებას უკეთებს ღრმა ნიშებში განთავსებული ორი სადარბაზო. ნიშების თაღები სცდება კარნიზის ხაზს და მაღალ პარაპეტებში ექცევა. მათზე გადაჯვარედინებული ღუზა და ნაჯახია გამოყვანილი. შელესილი ფასადის პირველი სართული თაღოვანი, ხოლო მეორე სწორკუთხა ფანჯრების რიგით არის დანაწევრებული. ღიობების საპირეები, შუაკედლისებსა თუ ფასადის კიდეებზე აყოლებული პილასტრები, მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტებით არის გაფორმებული.სახლის გალავნით მოსაზღვრულ ეზოში გამავალ უკანა ფასადს ორივე სართულზე ლითონისმოაჯირიანი აივნები გაუყვებოდა. დღეს პირველი სართულის აივნის უდიდესი ნაწილი ამოშენებულია. ზოგადად, ეზოს ფასადს ქუჩის ფასადისგან განსხვავებით თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს დამახინჯებული.ნაგებობა საინტერესოა როგორც გვიანი მოდერნის ერთ-ერთი ნიმუში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მისი მშენებლობა დაწყებულია პირველი რესპუბლიკის ხანაში.