ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N22
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი გეგმით ლათინური L-ის ფორმისაა. შენობა შელესილი და ცისფრად შეღებილი ფასადით ქუჩის პირზე გადის. ის რენესანსული ეკლექტიზმის ტიპური ნიმუშია: პირველი სართულის ღიობებს აფორმებს მაღალი საჭექი ქვები, რომლებიც ერთმანეთთან ჰორიზონტალური სარტყლებით არის გაერთიანებული. ჰორიზონტალური სარტყლებითაა გაფორმებული შუაკედლისებიც, რაც რუსტიკის იმიტაციას ქმნის. მეორე სართული მეტად არის დახუნძლული არქიტექტურული ელმენტებით. სწორკუთხა ღიობები ფლანკირებულია ნახევარსვეტებით, ხოლო თავები ნიჟარისებურად დამუშავებული ელემენტებით არის აღნიშნული. პროფილირებულ კარნიზს, რომელიც ნაძერწ კრონშტაინებს ეყრდნობა, ლითონის აჟურული პარაპეტი მოსდევს. სადარბაზო უჯრედი ფასადის მარჯვენა კიდეშია გაჭრილი. მის თავზე ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანია მოწყობილი. მისი ძირი ლითონის სვეტებს ეყრდნობა. ინტერიერის მორთულობიდან აღსანიშნავია სადარბაზოს მოზაიკური იატაკი და კიბის ლითონის აჟურული მოაჯირი.შენობის ეზოს მხარეს მიმართულ კედლებს თავდაპირველი არქიტექტურული სახე სრულიად აქვს შეცვლილი.საცხოვრებელ სახლს თავისი მასშტაბითა და ფასადის იმპოზანტური გაფორმებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქუჩის ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებაში.