საცხოვრებელი სახლი
ქ.ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N31
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლი ექიმ ტიმოლეონ ტრიანტაფილიდესის საკუთრება იყო. განაშენიანებისგან განცალკევებით მდგომი, ქუჩიდან ლითონის ღობით მოსაზღვრული ნაგებობის ყველა ფასადი შელესილია. კედლის ძირითადი სიბრტყე ვარდისფრად, ხოლო მამკობი არქიტეტქურული ელემენტები თეთრად არის დაფერილი. სწორკუთხა ღიობების დამაგვირგვინებელი სანდრიკები, შუაკედლისებზე გამოყვანილი რუსტიკის იმიტაცია, სართულშუა სარტყლისა თუ კარნიზის მამკობი მეტოპები და ტრიგლიფები კლასიციზმის რეპერტუარიდან არის აღებული. ქუჩის პირზე მოწყობილი პარადული კიბე რიზალიტის პირველი სართულის წინ მიდგმული პორტიკისაკენ მიემართება. კიბისა და პორტიკის თავზე მოწყობილი აივნის მრუდხაზოვანი მოყვანილობა, ასევე ცალკეული არქიტეტქურული ელემენტები, სახლს მოდერნის სტილის შენობების რიგში აყენებს. როგორც მანსარდა, ისე შენობის აივნებით გახსნილი უკანა ბლოკი გვიანდელი მინაშენია. ეს დანამატები მეტნაკლებად ეხამება ისტორიულ შენობას. ვილის ტიპის საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა ბათუმში. ის ორგანულად არის ჩაწერილი ქუჩის მასშტაბურ განაშენიანებაში და მეზობელ შენობებთან ერთად მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გამზირის არქიტეტქურულ სახეს.