ქ. ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N4
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოქცეულია მჭიდრო განაშენიანებაში. სახლის უკან ბარათაშვილის ჩიხისკენ სანახევროდ გახსნილი მცირე მართკუთხა ეზოა. ეზოში შესასვლელი ჩიხიდანაა მოწყობილი და შეკიდულია ლითონის მარტივცხაურიანი ჭიშკარი. მთავარი ფასადის I სართული გალესილია და დაფერილია ღიანაცრისფრად. II სართული ქვის რუხი ფერის ფილებით არის შემოსილი. კლასიცისტური ფასადზე არქიტექტურული ფორმები სიმეტრიულად არის გადანაწილებული. ცენტრში სადარბაზო შესასვლელია ლითონის ჭვირულცხაურიანი ორფრთიანი კარით და ლითონისავე ორქანობიანი წინფრათი. მის ზემოთ საჭექქვიან თავსართიანი თაღოვანი სარკმელია. ფლანგების I სართულზე კომერციული ფართებია, რუსტებიანი პილასტრებით გამოყოფილი ორ-ორი მართკუთხა ღიობით. II სართულზე კანელურებიან და `კორინთულ~ კაპიტელებიან პილასტრებს შორის ოთხ-ოთხი მართკუთხა მოჩარჩოებული სარკმელია. იქვეა თითო ჭვირულმოაჯირიანი ლითონის კიდული აივანი. სართულები ერთმანეთისგან გაყოფილია პროფილირებული ლავგარდანით. ზევითაც პროფილირებული მრავალსაფეხურიანი ლავგარდანია.სახლი U-ის გეგმარებისაა და ეზოს ფასადზე თავდაპირველად შემინული აივნები იქნებოდა მოწყობილი. ამჟამად სახეცვლილია მინაშენებითა და ჩაშენებებით.