ქ. ბათუმი, დავით კლდიაშვილის ქუჩა N5
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებული ნაგებობა ერთსართულიანია, მაღალი სარდაფით. ფასადის მარცხნივ მოთავსებულია სადარბაზო შესასვლელი, რომელზეც ლითონის ჩარდახია გადმოკიდებული. სამი სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯარა, პროფილირებულ ჩარჩოშია ჩასმული. შუაკედლისების ქვედა ნაწილი ჰორიზონტალურადაა დაღარული, ხოლო ზემოთ, მოდერნის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტია - რომბიდან ჩამოსული სამი ხაზი, რომლებიც ისრის პირებით ბოლოვდება. ქვედა დონეზე ფასადს გაუყვება პროფილირებული სარტყელი. სარტყელსა და ფანჯარას შორის კი, მართკუთხა არეა მოთავსებული, რომლებსაც ხაოიანი ზედაპირი აქვს. ცოკოლის მონაკვეთი გაფორმებულია დეკორატიული შელესვით, კვადრების იმიტაციით. მასში სარდაფის ხუთი მომცრო ფანჯარა გამოდის. შენობა სრულდება პროფილირებული კარნიზით, რომლის ძირში კბილანებისგან შემდგარი მწკრივია. ნაგებობის გვერდითი ფასადი სადაა. უკანა ფასადს, რომელიც ეზოში გადის გასდევს ზითონის ახალი აივანი. საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორატიული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით.