რეგიონი: ბათუმი
ტიპი: საერო ნაგებობები–ძველი ბათუმი
თარიღი: XIX საუკუნის დასასრული
მისამართი: 26 მაისის ქუჩა N25 / ზურაბ გორგილაძის ქუჩა N18
შემაღლებულ ცოკოლზე განთავსებული ერთსართულიანი ნაგებობა XX საუკუნის დასაწყისში აშენდა ინჟინერ ა. ეფრემიდის პროექტით. მასში სადაზღვევო ორგანიზაცია იყო განთავსებული. ორი ქუჩის კვეთაზე მდებარე სახლის ნახევარსარდაფის მონაკვეთი რუსტიკით არის დაფარული, ხოლო ძირითად საფასადო სიბრტყეს დეკორატიული ლესვა აფორმებს. არქიტექტურული დეტალებიდან გამოყენებულია სწორკუთხა ღიობების შემომწერი პროფილირებული საპირეები (მათ საჭექი ქვები აღნიშნავს) და ფანჯრების ქვეშ გამოყვანილი მართკუთხედები. სახლის მძლავრად პროფილირებული კარნიზი ნალესობაში გამოყვანილ შეწყვილებულ კრონშტაინებს ეყრდნობა. ქუჩის ფასადებისგან განსხვავებით თავდაპირველი მხატვრული სახე დაკარგული აქვს ეზოს ფასადებს. მცირე ზომის შენობა ორი ქუჩის ისტორიული განაშენიანების ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი მასშტაბის შექმნაში.