ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N38
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
1900 წელს აშენებული სახლი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. მისი პირველი სართული სწორკუთხა, ხოლო მეორე მშვილდთაღოვანი (ცენტრალურ ნაწილში) და თაღოვანი (კიდეებში) ღიობებით არის დანაწევრებული. სწორკუთხა ღიობები აქვს სავარაუდოდ მოგვიანებით დაშენებულ მესამე სართულსაც. შელესილი და ნაცრისფრად შეღებილი ფასადი მოკრძალებულად არის გაფორმებული. ღიობებს საჭექი ქვებით აღნიშნული პროფილირებული საპირეები შემოწერს, რაფების ქვეშ ნალესობით მართკუთხედებია გამოყვანილი, ხოლო მეორე სართულის კიდურა ფანჯრები პილასტრებით არის ფლანკირებული. მარტივი პროფილები აქვს სართულშუა სარტყლებსა და კარნიზს. ფასადის მარჯვენა კიდეში მოწყობილია სადარბაზო უჯრედი. მას დეკორატიულად დამუშავებული ხის კარი კეტავს. კედლის მარცხენა კიდე ეზოში შესასვლელ ტალანს უკავია. სახლის უკანა კედელს თავდაპირველი არქიტეტქურული სახე სრულიად აქვს დაკარგული.შენობა თავისი ეპოქის რიგი ნიმუშია, რომელსაც გარკვეული წვლილი შეაქვს ვაჟა-ფშაველას ქუჩის ამ მონაკვეთის მასშტაბისა და ისტორიული განაშენიანების ხასიათის შენარჩუნებაში.