ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N6 - მემედ აბაშიძის ქუჩა N15
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი მეზონინიანი სახლი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ბოლოსაა აშენებული. 1890 წლის შეფასებითი ნუსხის თანახმად სახლი უკვე აშენებულია. შენობა საინტერესოა თავისი მდებარეობითა და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით. ის ორი ქუჩის კუთხეში მდებარეობს, მისი ფასადები სიმეტრიულად ვითარდება მაზნიაშვილის ქუჩასა და მ. აბაშიძის გამზირზე. ესაა ორსართულიანი ნაგებობა, რომლის შუაშიც, ქუჩათა კუთხეში ხის მეზონინია, რომელიც ქუჩის მხარეს სამფასადად გამოდის, რომლებსაც ფრონტონისებრი გადახურვები აქვთ. ფრონტონთა შვერილი ძირები ხის პროფილირებულ კრონშტეინებს ეყრდნობა. სახლის პირველი სართული დიდი შემინული ღიობებითაა დანაწევრებული, რომლებიც ერთმანეთისგან კედლის მცირე მონაკვეთებზე ამოყვანილი პილასტრებით იმიჯნება, პილასტრთა ზედაპირები მართკუთხედადაა ამოღებული. მაზნიაშვილის ქუჩაზე გამომავალ სადარბაზოს ლითონის აჟურული წინფრა აქვს. საინტერესოა მეორე სართულის კარ-სარკმელთა ღიობების შემკულობა. ღიობთა ზემოთ ნაძერწი დეკორატიული ელემენტებია. ძირითადად ესაა ერთმანეთის მსგავსი დეტალები: მცენარეულ ხლართს შორის ორი ჩიტის გამოსახულება. მხოლოდ მ. აბაშიძის გამზირზე გამომავალი რამდენიმე სარკმლის მამკობი ელემენტი სხვაობს მათგან. ამ შემთხვევაში აქ გამოსახულია ჭურჭლის ორივე მხარეს გველეშაპის თითო გამოსახულება, რომელთა ბოლოებშიც მცენარეული ორნამენტია განთავსებული. სახლი მნიშვნელოვანია თავისი ადგილმდებარეობით, რომელიც ერთგვარ მახვილს წარმოადგენს ქუჩათა განშტოებაზე და თავისი გაბარიტებითა და პროპორციებით განსაზღვრავს ქუჩის განაშენიანების მასშტაბს. შენობა ასევე გამოირჩევა საფასადო შემკულობაში საინტერესო დეკორატიული ელემენტების გამოყენებით, ასევე როგორც ბათუმში მეზონინიანი სახლის საინტერესო ნიმუში.