ნოდარ დუმბაძის ქუჩა N5
შენობა XX ს-ის დასაწყისშია აგებული. ამ სახლში დანიის, გასაბჭოების (1921წ) შემდეგ კი, გერმანიის საკონსულოები იყო განთავსებული. ამჟამად შენობაში სასტუმრო ფუნქციონირებს.
სახლი მართკუთხა გეგმარებისაა. ლითონის ცხაურიანი ღობით გვერდებზე შემოიზღუდავს ეზოებს. მცირე ეზო აქვს უკანაც. ცოკოლზე შემომდგარი კლასიცისტური ესთეტიკის მქონე მთავარი ფასადი მკაცრად სიმეტრიულია. ცენტრში შვეული აქცენტია: ქვევით მაღალი სადარბაზოა შესასვლელი ხის მოხარატებული ორფრთიანი კარით; მის ზემოთ კრონშტეინებზე შესმული აივანი, ქვის ბოძკინტებს შორის მოქცეული ჭვირული ცხაურით და კოშკურა მოცულობა დასრულებულია ბაროკოული ოვალური ფრონტონით. ფლანგებზე თითო კლასიკური ფრონტონია სტილიზებული დორიული სვეტებით და ფრანგული აივნებით, კომპოზიციას კრავს ფლანგთაშორისი თარაზული სარკმლები და ზემოთ მანსარდის ასევე სიმეტრიული მოცულობები. ღიობთა კარგად გათვლილი ფორმა, ზომა და ურთიერთპროპორციულობა, ქვის მასალა და ნეიტრალური ღია ფერი ამ კომპოზიციას დასრულებულ სახეს სძენს. გვერდითი ფასადები სადაა. ერთი მხრიდან აქვს კოშკურა რიზალიტი. შენობა ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი არქიტექტორული ნიმუშია.