ქ. ბათუმი, მერაბ კოსტავას ქუჩა N20
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი, მოდერნის სტილის შენობა, 1908 წელს საგანგებოდ მაღაზიისათვის აგებული, ორსართულიანი შენობა ქართველ მეწარმეს-ნიკოლოზ საბაევს (საბაშვილს) ეკუთვნოდა. მისი ქუჩის პირზე გამავალი, შელესილი და ნაცრისფრად შეღებილი ფასადი ორი მსუბუქად შვერილი რიზალიტით არის დანაწევრებული. რიზალიტები ხაზგასმულია მაღალი და მრუდხაზოვანი პარაპეტებით. ძირითადი საფასადო სიბრტყე პირველ სართულზე, განიერი მშვილდთაღოვანი, ხოლო მეორე სართულზე, სწორკუთხა ღიობებით არის გახსნილი. სადარბაზო უჯრედები რიზალიტების ფარგლებშია მოწყობილი. ფასადი დეკორატიულად გაფორმებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი მძლავრი კარნიზით სრულდება. რამდენიმე წლის წინ სახლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რომელმაც მისი ავთენტურობა გარკვეულწილად შეცვალა. წრიული და მრუდხაზოვანი ფორმის ღიობები, ტეხილი კონფიგურაციის კარნიზი, წყვეტილი ტალღოვანი პარაპეტი, ინტერიერის სვეტებს დაყრდნობილი ლითონის მოაჯირებიანი აივნები და სხვა დეტალები მოდერნის სტილშია შესრულებული. იგი XX საუკუნის დასაწყისის ევროპული მხატვრული სტილის (არტ-ნუვოს) საინტერესო ნიმუშია. მჭიდრო განაშენიანებაში თავისუფლად განთავსებული მასიური შენობა ერთ-ერთი საუკეთესო მოდერნის სტილის შენობაა ბათუმში და მნიშვნელოვანად განსაზღვრავს მ.კოსტავას ქუჩის ისტორიული განაშენიანების ხასიათს.