ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N37
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სახლი, სავარაუდოდ, XX საუკუნით თარიღდება. მისი მფლობელი იყო სტეფანე კარაპეტის ძე მაცოიანი. ორსართულიანი შენობის მთავარი, ქუჩისკენ გამომავალი ფასადი უხვადაა შემკული კლასიცისტურ-ბაროკული სტილის ნაძერწი ელემენტებით. სიმეტრიულად განაწილებული ფასადის მრუდხაზოვანი ფრონტონით დაგვირგვინებული რიზალიტის შუაში სადარბაზოში შესასვლელი ღიობია გაჭრილი. პირველი სართულის მართკუთხა ღიობებს პროფილირებული ჩარჩო შემოუყვებათ, რომელთაც მცენარეული მოტივის მქონე ორნამენტით მორთულ კრონშტეინებზე დაყრდნობილი ფრონტონიანი თავსართები გააჩნიათ. ფრონტონის არე ადამიანის თავის მცირე ზომის ნაძერწი გამოსახულებებითაა შევსებული. პირველი და მეორე სართული ერთმანეთისგან პროფილირებული სარტყელითაა გამოყოფილი. რაც შეეხება მეორე სართულს აქ ღიობები თაღოვანია და განსხვავებით პირველი სართულის სარკმელთა შემკულობისგან შესაბამისი მოხაზულობის საპირე შემოუყვებათ, რომელთა შუაშიც საჭექი ქვის იმიტაციის დეკორაციული ელემენტებია ჩართული. შენობის მოკლე ფასადზე სახლში შესასვლელი კარია გაჭრილი, რომელსაც ლითონის აჟურული წინფრა გააჩნია. ლითონის ერთადერთი აივანი შენობის მთავარი ფასადის მეორე სართულის ცენტრშია. პირველი სართულის კარი, მეორე სართულის აივანი და მის უკან კარის ღიობი, ასევე კარის ღიობთა სამკუთხა ფრონტონები და სახლის ზემოთ მრუდხაზოვანი პარაპეტი შენობის შვეულ ღერძს უკეთებს აქცენტირებას.სახლს საშუალო მხატვრულ-არქტიტექტურული ღირებულება გააჩნია. ის მნიშვნელოვანია ქუჩის საერთო განაშენიანების თვალსაზრისით. ნაგებობა კარგი სამშენებლო ოსტატობით ხასიათდება და ეკლექტური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.