„საგზაოს სახლი“
საგზაოს სახლი ხულოდან 15 კმ-ითაა დაშორებული. ფუნქციურად შენობა იმთავითვე გზის მუშებისა და საგზაო სამშენებლო საჭიროებებისთვის იყო განკუთვნილი და შესაბამისი სახელწოდებითაა დღემდე ცნობილი. აგებულია დაახლოებით XX საუკუნის პირველი ნახევარში. შენობა ოთხკუთხა დაგეგმარებისაა, სამგანყოფილებიანია და ჯამში დაახლოებით 80 კვ. მეტრი ფართობი უკავია. ნაგებია შერეული - თლილი და ნატეხი ქვების გამოყენებით. კედლის სისქე 60 სმ-ია. ცენტრალურ ოთახის სარკმლები დარაბებითაც იხურებოდა, რომლებიც ფორმით ადგილობრივი ტრადიციული ხასიათისაა, როგორც ეს ზემოაჭარული, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი დანიშნულების სახლებისათვის იყო დამახასიათებელი. გზის მხრიდან შენობის კედელში ჩაშენებულია რკინის ლილვი წარწერით: «ГУГК СМ СССР 537», რაც შემდეგნაირად იშიფრება: «Главное управление геодезии и картографии при Совете Министров СССР». ციფრი „537“ კი შესაბამისი უბნის რიგითი ნომერი იყო. ანალოგიური დანიშნულების შენობები ბათუმი-ახალციხის მონაკვეთის სხვადასხვა ადგილზე მდებარეობდა. მაგალითად, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ხიდთან, სადაც მხოლოდ შენობის საძირკველია შემორჩენილი და გოდერძის უღელტეხილზე ლოდიძირის დასახლების საზღვართან, სადაც შენობა დღესაც დგას.