ქ.ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქუჩა N5
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ორსართულიანი სახლი გეგმაში წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს. იგი აგებულია ქვისგან და ოთხქანობა სახურავითაა დაბურული. ცოკოლით ამაღლებული შენობის განივი ფასადები იდენტურადაა გადაწყვეტილი: ცოკოლის მაღალ კედელში სწორკუთხა, ზედა ორ სართულზე კი მშვილდათაღოვანი ფანჯრები ანაწევრებს კედელს. სართულებსშორის გამყოფად სადა სარტყლებია გავლებული. ფასადთა კუთხეებს კი რუსტების მწკრივები აუყვება. ასევე მსგავსადაა გადაწყვეტილი გრძივი ფასადები: ფასადთა განაპირა ნაწილებში ყრუ კედლებია, რომლებიც განივი ფასადების მსგავსად ჰორიზონტალური სარტყლებითა და განაპირა ნაწილებში რუსტებითაა აქცენტირებული. კედლებს შორის, ფასადის სიღრმეში კი ლითონის მოაჯირიანი გრძელი აივნებია, აივნები ერთმანეთს შიდა კიბეებით უკავშირდებიან. გრძივი ფასადების ცოკოლის ნაწილებში თაღოვანი ღიობებია. მარჯვენა მხარეს კი შენობის გამჭოლი, დაბალი, ასევე თაღოვანი გვირაბია გაჭრილი, რომლის თავზეც, ორივე მხარეს საჭექი ქვაა დასმული. შენობას, ქვის ფასადებზე ორი უშნო მინაშენი აქვ მიდგმული. გრძივი ფასადების აივნის ნაწილები ასევე მიშენებებითაა დამახინჯებული მათი დიდი ნაწილი ან ამოშენებულია, ან შუშაბანდებადაა გადაკეთებული. აღნიშნული ნაგებობის ფასადები კლასიცისტური სტილტ და ადგილობრივი ტრადიციით არის შთაგონებული და საბჭოთა პერიოდის საყურადრებო ნიმუშს წარმოადგენს. მას კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.