ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N12 - მემედ აბაშიძის ქუჩა N40
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის გასაყარზე მოცემული ეს შენობა სიღრმეშია შეწეული. ქუჩების განაშენიანების კონტურს მისი ეზოს შემომსაზღვრელი ლითონის აჟურული ღობე კრავს. ღობეს ორივე ქუჩის მხრიდან ორ-ორი შესასვლელი აქვს. შენობის წინა ეზოში, ეკზოტიკური მცენარეებია გაშენებული. შუა ეზოში, პავილიონია მოცემული. თავად შენობა, ფრონტალურად იშლება დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მიმართულებით. იგი წარმოადგენს რთული კონფიგურაციის მქონე, ორ და სამ სართულიან ნაგებობას ცოკოლის სართულით. შესრულებულია მოდერნის სტილში. მოკლე ფასადით, შენობა მ. აბაშიძის ქუჩისკენ არის მიმართული. ამ მხრიდან, ფასადი კორინთული კაპიტელით დაგვირგვინებულ პილასტრით არის გაფორმებული.გაფორმების მნიშვნელოვან ელემენტს აივანი წარმოადგენს, რომელიც ამ ფასადს მთელ სიგანეზე მიუყვება.ასეთივე აივანია დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მხრიდან, მეორე სარტულის დონეზე.შენობის ზენტრალური ნაწილი სამსართულიანია. გვერდიტები - ორი. მესამე სართულის ფასადი სამ სეგმენტად არის დაყოფილი.გვერდითა სეგმენტები ორქანობა,ძალიან დამრეცი, სხვენიანი გადახურვით სრულდება. თითო მონაკვეთში სამ-სამი სარკმელია გაჭრილი. პირველ და მეორე სრთულებს ბრტყელი პილასტრები მიუყვება. პირველი სართულის პილასტრები ჩაკვეთილი სიბრტყეებით არის დამუშავებული. მეორე სართულისა - კანელურებით.შენობის მხატვრული გადაწყვეტა გამორჩეულია. მის ადგილმდებარეობას (სიღრმეში შეწევას) ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაში გარკვეული პაუზა შემოაქვს, რაც ამსუბუქებს და უფრო მრავალფეროვანს ხდის ქუჩის ამ მონაკვეთის კომპოზიციას. თავად შენობა, XX საუკუნის დასაწყისის ცოცხალი, ინდივიდუალური მხატვრული სახის მატარებელი, რთული კონფიგურაციის მქონე, საინტერესო ნაგებობაა.