საცხოვრებელი სახლი
ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N5-7-9/ქუთაისის ქუჩა N19
ძეგლის მოკლე დახასიათება
შენობა XIX საუკუნის ბოლოსაა აშენებული. 1910-1911 წლების შეფასებითი ნუსხის თანახმად ის მარსელის კრამიტით იყო გადახურული. ორი ქუჩის კვეთაზე აღმართული კლასიცისტურ სტილში აშენებული ორსართულიანი შენობა დღეს ცუდ მდგომარეობაშია, რადგანაც ამჟამად მასზე მესამე სართულის დაშენება მიმდინარეობს, რაც ყოველმხრივ დაუშვებელია, როგორც კონკრეტულად ძეგლისთვის, ისე ქუჩის განაშენიანების თვალსაზრისითაც. ქვითა და აგურით ნაგები სახლის პირველი სართული შემინული მართკუთხა დიდი ღიობებითაა დანაწევრებულია. ღიობებს შორის დარჩენილი კედლები ღრმა პილასტრებად გამოდის და მისი ზედაპირი `რუსტირებულია~ (რუსტიკის იმიტაციაა). სართულები ერთმანეთისგან მარტივ პროფილიანი ფრიზით გამოიყოფა. მეორე სართულის კედლები კარ-ფანჯრების მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. სარკმლებს მარტივი პროფილის საპირე შემოუყვებათ, რომლის ცენტრალურ ზედა ნაწილში მძლავრი საჭექი ქვებია ჩასმული. საჭექი ქვების ზემოთ თარაზული სანდრიკებია. სახლის ორივე ფასადზე ლითონის აჟურულმოაჯირებიანი აივნებია მოწყობილი. სახლს მცირედ შვერილი მარტივი პროფილის კარნიზი შემოუყვება. სახლი თავისი მდებარეობით, პროპორციებითა და მასშტაბით მნიშვნელოვანია ამ უბნის განაშენიანების თვალსაზრისით. ის ერთგავი განმსაზღვრელის ფუნქციას ასრულებს ქუჩათა განაშენიანებისათვის. შენობა თავისი სადა, თუმცა მძლავრი აქცენტებით (საჭექი ქვები და სანდრიკები) საფასადო შემკულობითა და კარგი სამშენებლო ტექნიკით საცხოვრებელი სახლის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.