ქ.ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N7
ძეგლის მოკლე დახასიათება
1858 წელს აგებულ შენობაში ნაოსნობისა და ვაჭრობის რუსული საზოგადოების სააგენტო იყო განთავსებული. სააგენტოში შედიოდა საბაჟო, საკარანტინო სახლი, სანკტ-პეტერბურგის სადაზღვევო კომპანიის განყოფილება. საბჭოთა პერიოდში შენობა საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს.
ერთსართულიანი აგურის სახლი მაღალ ცოკოლის სართულზეა დაშენებული. ფასადი შელესილია და კლასიცისტური სტილის დეკორატიული ელემენტებითაა გაფორმებული. საცხოვრებელი სართულის კედლის სიბრტყე ამოღარული განივი ზოლებით არის დაფარული. სწორკუთხა ღიობები ასეთივე მოხაზულობის დეკორატიულ ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც ძირში გავლებულ ჰორიზონტალურ კარნიზს ეყრდნობა. მათ ქვემოთ, ოდნავ ჩაწეული მართკუთხა სიბრტყეებია მოცემული. შენობის ოდნავ წინ გამოზიდულ ცოკოლის სართულს წვრილი კარნიზი ასრულებს. კუთხეებში პირველი სართულის ფასადს კანელურებიანი პილასტრები კეტავს. ყველა ღიობის ზემოთ მოჩარჩოებული სწორკუთხედებია განთავსებული. შენობას ასრულებს თაროს ფორმის კარნიზი, ქვემოთ გაყოლებული კბილანების მწკრივით და ზედ ამართული სწორხაზოვანი პარაპეტი შუაში ორქანობა, მაღალი ნაწილით და ცენტრში ასევე ორქანობა შვერილით. პარაპეტის სიბტრყეზე თანაბარი ინტერვალით განაწილებულია ამოზიდული კუბები, ზედ გამოსახული კონცენტრულწრებიანი მედალიონებით. შუა ნაწილსი ამ მედალიონების გვერდებზე დამატებითი მოჩარჩოებული სიბრტყეებია. სადარბაზოს ხის კარი აქვს, აჟურული ლითონის ჩარდახით დასრულებული; საიტერესოა კარის ორთავე მხარეს კედელში ჩამაგრებული ლითონის, ასევე აჟურული კრონშტეინები, რაც ჩანს განათების სამაგრების ფუნქციას ასრულებდა. მცირე ზომის საცხოვრებელი სახლი მეტად საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს ბათუმის ადრეულ ძეგლებს შორის, ფასადის მხატვრული გადაწყვეტითა და შესრულების ოსტატობით.