ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N13 - მემედ აბაშიძის ქუჩა N23
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ვოლფენზონის სახლი XIX სს-ის ბოლოსაა აგებული. შენობის ფასადები შეულესავი აგურისაა. კედლის სიბრტყე ფასადების კიდურა ნაწილებში და შესასვლელთან რიზალიტითაა დანაწევრებული. ამავე მონაკვეთში განთავსებულია ლითონის აჟურულმოაჯირიანი და შეკიდული აივნები. ღიობები სხვადასხვა სიგანისაა თუმცა ფორმით ყველა ბრტყელთაღოვანი ან თაღოვანია. მათი საპირეები კრონშტეინებსა და მრგვალი პილასტრების შვერილ კაპიტელებს ემყარება. აგურის ფასადზე წნულორნამენტიანი ქვის მოჩარჩოებული დიდი ფილები და აგურის ამოზიდული წყობით შესრულებული ტეხილხაზოვანი დეკორატიული ჩანართებია განაწილებული. შენობის კუთხეს ასრულებს მცირე ზომის ტეხილკარნიზიანი მანსარდის სათავსი. ეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობი ლითონის ჭიშკრით მ.აბაშიძის ქუჩისკენაა განთავსებული.
ნაგებობა სოლიდური მასშტაბისაა და კარგად აყალიბებს ქალაქის ამ მონაკვეთის გეგმარებით სტრუქტურას, აქვს გამოკვეთილი მხატვრული სახე და ახასიათებს სამშენებლო ოსტატობის მაღალი დონე.