ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N38
ძეგლის მოკლე დახასიათება
XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას. სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებული ფასადის მარჯვენა კიდეში ლითონის მოაჯირით მოზღუდული ვერანდაა, რომელიც წინკარის ფუნქციას ასრულებს. ცოკოლი და კედლის სიბრტყეები პროფილირებული საპირით შემოწერილი ფანჯრების ქვეშ და თავზე ნალესობით გამოყვანილი მართკუთხედებით არის გაფორმებული. ნაძერწი დეკორი ამკობს შესასვლელი კარების თავებსაც. ერთ-ერთი კარის ამაღლების გამო ნაძერწობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია. სახლს ეზოს მხარეს შუშაბანდი აქვს. ის ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაშია. შენობა ქუჩის ისტორიული განაშენიანების ნაწილს წარმოადგენს და გარკვეულწილად განსაზღვრავს მის არქიტექტურულ სახეს.