ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N17 / მემედ აბაშიძის ქუჩა N45
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი კუთხის შენობის გეგმა Г– ს მოხაზულობისაა. ნაგებობის ქუჩის მხარეს გამომავალი ფასადი და ეზოს მხარე შელესილია და ნაძერწი დეტალებითაა მორთული. შენობის ამ ორი მხარის სტილი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ქუჩის მხარეს არსებული ფასადი კლასიცისტურისაკენ იხრება, ხოლო ეზოს მხარე – კლასიცისტურ-ბაროკული სტილის დეტალებითაა გაფორმებული. ლუკა ასათიანის ქუჩის მხრიდან შენობის ეზოს შემოზღუდულია ლითონის ცხაურებიანი ქვის ღობით.მემედ აბაშიძის გამზირის მხარეს არსებული ფასადის შუა ნაწილი უკავია ლოჯიას, რომელიც პირველ სართულზე სამი თაღითაა გახსნილი. თაღებს ზევით კონცენტრული წრეებისაგან შემდგარი დეტალებია ჩართული. პირველი სართულის კედლის ზედაპირი ნაწილობრივ რუსტირებულია. მეორე სარტულს ვერტიკალური მონაკვეთებად ანაწევრებს ბრტყელი პილასტრები (შენობის განაპირა ნაწილები და ლოჯიის კიდეები).შენობა ინდივიდუალურად გადაწყვეტილი, დახვეწილი გემოვნებით და მხატვრულად შესანიშნავად გაფორმებულ XIX – XX სს. მიჯნის ევროპული ყაიდის საცხოვრებლის ნიმუშს წარმოადგენს.