ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხმორისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ჯამეს პირველი სართული ქვისაა, ამოყვანილია თლილი კვადრებით, მეორე სართული ხისაა. კარნიზი კბილანისებრია. მისი ზომებია: 8,2X9,1 მ. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. ჯამე აივნიანად გეგმით სწორკუთხაა, სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით, რომლის წინ ხის ბაქანია. მიჰრაბის თავზე არაბული წარწერაა. მისგან აღმოსავლეთით სვეტზე დამაგრებული კათედრაა, დასავლეთით მიმბარი. ცენტრალური სივრცის ჭერი გუმბათიანია, გუმბათი შიგნით მოხატულია. ქოროს ჭერი ბრტყელია. ქორო შემაგრებულია რვა მრგვალ სვეტზე. მასზე ასასვლელი კიბე მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთიდან. ჩრდილოეთით მცირე, ნახევარწრიული აივანია გამოყოფილი. ქოროდან მინარეთზე ასასვლელია მოწყობილი. კათედრა ზედა ნაწილში შედგება მართკუთხა ხის კვადრებისაგან, ქვედა ნაწილი კონუსურია. იგი მთლიანად დაფერილია მოვარდისფრო, მწვანე საღებავებით. მიმბარი მორთულია ხის აპლიკაციებით, რომელიც შეღებილია თეთრად. ჯამეს ყველა კედელი დანაწევრებულია სარკმლებით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ორფრთიანი კარის თავზე არაბული წარწერაა. ჯამე, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაკეტილი იყო, უახლოეს წარსულში აღდგა და ღვთისმსახურება განახლდა. ნაგებობას დაეშენა მინარეთი და ხის ფასადები თუნუქის ფირფიტებით დაიფარა.