ქ. ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N17
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი სახლი, მართკუთხა გეგმის, პატარა ორსართულიანი სახლი, აგებულია 1988 წელს და XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ჩამოყალიბებული განაშენიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მთავარი ფასადით ე. ნინოშვილის ქუჩაზე გამოდის. ფასადი საკმაოდ სადაა. სართულებს ერთმანეთისაგან დაბალი კარნიზი ყოფს. ყველაზე თვალშისაცემი დეკორატიული ელემენტია აგურის წყობით გამოყვანილი დაკბილული ვერტიკალური არშიები, რომლებიც აუყვება ფანჯრების წირთხლებს. ასეთივე არშიები ჩამოყოლებულია შუაკედლისებზეც, მარცხნიდან მეორე ფანჯრის ორსავე მხარეს (სავარაუდოდ, იყო სხვაგანაც და ფასადის გადაკეთებას შეეწირა). მეორე სართულზე ორი ლითონისმოაჯირიანი აივანია. სახლს აბოლოებს ნაძერწი ორნამენტული ფრიზი და პროფილირებული კარნიზი. უკანა მხარეს, სახლს აქვს პატარა ეზო. შენობა ადრეული ბათუმური საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია.