ქ. ბათუმი, დავით კლდიაშვილის ქუჩა N7 / ვაჟა-ფშაველას ქუჩა N11-13
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებულ ორსართულიან შენობას L-ის ფორმა აქვს. მისი გვერდითი კედლები ამოყვანილია ბლოკით, რომელიც დამზადებულია ჭოროხის ხრეშისაგან და დამახასიათებელია ამ პერიოდის ბათუმის მშენებლობისათვის. ქუჩისპირა კედელი აგურით, ხოლო მისი ცოკოლი ქვით არის ნაგები. ეზოს მხარეს სახლს აქვს ხის სადა შუშაბანდი.სახლი გამოირჩევა მშენებლობის კარგი ხარისხით, სასიამოვნო პროპორციებით, ფასადის მკაფიო არტიკულაციით. მეორე სართულის ფანჯრების თაღები აგურის მკაფიოდ მოხაზული ნახევარწრიული თაღებით ბოლოვდება. ფასადს კბილანებიანი კარნიზი აგვირგვინებს. ინტერიერის ღირებულ ელემენტებს შორის საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ჭერის მდიდრული ნაძერწი დეკორი, რომელიც რამდენიმე ოთახსა და კიბის უჯრედში შემორჩა, ცენტრალური შესასვლელის მოზაიკური იატაკი, კედლის ღუმელები, ორივე შესასვლელი კარის ძველი ფრთები. სივრცობრივი გადაწყვეტით საინტერესოა სახლის მარჯვენა კიდეში მოწყობილი სადარბაზო და კიბის უჯრედი, რომლიდანაც ქვის საფეხურების ერთი მარში ადის მეორე სართულზე. მთლიანად, სახლი XX საუკუნის ბათუმური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურის კარგი ნიმუშია. ის კარგად ეწერება ვაჟა-ფშაველას ქუჩის ისტორიულ განაშენიანებაში და არსებითი წვლილი შეაქვს მისი არქიტექტურული სახის შექმნაში.