ქ. ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N18-20 /ნ. ჟორდანიას ქუჩა N15
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX საუკუნის დასასრულს აშენებული ნაგებობა, კომერციული და საცხოვრებელი ფუნქციის მქონე სახლის ტიპური ნიმუშია. გეგმით წაგრძელებული მართკუთხედის მოხაზულობის, ორსართულიანი შენობა ქუჩათა გადაკვეთასთანაა აგებული. იგი გრძივი ფასადით ზ. გამსახურდიას, ხოლო განივით კი, ნ.ჟორდანიას ქუჩაზე გადის. მისი პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და დიდი ზომის სწორკუთხა ვიტრინებით ნაწევრდება. შუაკედლისები რუსტებისაგან შედგენილი პილასტრებითაა შევსებული. ვიტრინათა თავზე დარჩენილ გლუვ არეებში სწორკუთხა შვერილებია მოთავსებული. სართულებს შორის ჰორიზონტალური სარტყელია გავლებული. მეორე სართულის ყველა ღიობი სწორკუთხაა და სამი მხრიდან პროფილირებული არშია ევლება, ქვედა ნაწილებში კი ყველასთვის საზიარო სარტყელია გავლებული. გრძივ ფასადზე - ორი, განივზე კი, ერთი ლითონის ჭვირულმოაჯირიანი აივანია მიდგმული. სამივე მათგანს ცალქანობა საჩრდილობლები აქვს.მთლიანად შენობა ძლიერ შვერილი თარო-კარნიზით სრულდება, რომლის ძირშიც პატარა თაღების მწკრივისაგან შედგენილი ზოლია გავლებული. მეორე სართულზე, შიდა ეზოსკენ სუსაბანდებიდან აივნებით გახსნილი საცხოვრებელ-გასაქირავებელი ოთახების რიგია. მოხდენილი პროპორციები, ზომიერი მასშტაბი და მოცულობა, სადა კლასიცისტური დეკორი, კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.