ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა N10 / ვლადიმერ კანდელაკის ქუჩა N2
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისში აგებული სამსართულიანი სახლი გეგმაში ლათინურ U–ს წარმოადგენს. იგი ი. გოგებაშვილისა და კანდელაკის ქუჩების კუთხეში დგას. მისი ქუჩებზე გამავალი ორივე ფასადი დანაწევრებულია თანაბარი რიტმის მქონე სწორკუთხა ღიობებით. I სართულის თლილი ქვის, რუსტირებული კედლები (გოგებაშვილის და კანდელაკის ნახევარზე) დიდი ვიტრინებით ნაწევრდება და კომერციულადაა ათვისებული. შენობის დანარჩენი ნაწილი შელესილია და შეღებილი. II და III საეთულის განაპირა ნაწილებში და ქუჩათა ქუჩათა გადაკვეთის ადგილას, კუთხეში ფასადებს გლუვი რუსტებისაგან შედგენილი პილასტრები აუყვება. აღნიშნულ სართულებზე ღიობები პროფილირებული არშიებით არიან შემკულნი, ფანჯრის ღიობების ქვედა მოჩარჩოების როლს კი შვერილი რაფები კისრულობენ. სართულებს შორის გამყოფად, პროფილირებული სარტყლებია გავლებული. ი. გოგებაშვილის ქუჩის მხარეს II და III სართულებს ლითონის, აჟურულმოაჯირებიანი აივნები აქვთ მიდგმული. Mსგავსი, ორი სართულის სიმაღლის აივნები არის კანდელაკის ქუჩაზე გამავალი ფასადის მაეცხენა ნაწილშიც. ხსენებული აივნის ქვეშ, ოდნავ მარჯვნივ კი ორმარშიანი, ლითონის აჟურულმოაჯირიანი კიბეა მიდგმული, რომლის მეშვეობითაც სადარბაზოში ვხვდებით. ორივე ფასადი სრულდება ძლიერ შვერილი კარნიზით, რომლესაც მოსდევს პარაპეტის, კარნიზით დაგვირგვინებული გლუვი კედელი. უკანა მხარეს შენობას დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. მესამე სართული შენობას რამდენიმე წლის წინ დააშენეს, აევე განხორხიელდა მიშენება ეზოს მხრიდანაც. ამისდა მიუხედავად შენობის თავდაპირველი სახის წარმოდგენა შესაძლებელია. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.