ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N32
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
მოხდენილი პროპორციების მქონე,ცოკოლის სარდაფის სართულზე შემომდგარი, ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია 1895 წელს. ფასადი გამოდის ქუჩის პერიმეტრზე. გვერდიდან და უკანა მხრიდან შემოზღუდავს მართკუთხა ეზოს, რომელსაც აქვს ლითონის მარტივცხაურიანი ჭიშკარი. ნაგებობა მცირე ზომისაა, თუმცა მისი ფასადი მოიცავს კლასიციტურ-რენესანსული მიქსის თითქმის სრულ რეპერტუარს. ფასადის ფლანგები აქცენტირებულია თხელი რიზალიტებით. ცოკოლის სიბრტყე რუსტირებულია, საცხოვრებელი სართული კი, შელესილია და მთელი ფასადი დაფერილია ვარდისფრად. სართულები ერთმანეთისგან გაყოფილია პროფილირებული ლავგარდანით. ცოკოლის სარკმლები მარტივი, მართკუთხა ღიობებია. I სართულის სარკმლები კი, მდიდრულად არის მოჩარჩოებული და გაფორმებულია სანდრიკებით და ფლანგებზე გირლიანდებით. გეომეტრიული მართკუთხედებით არის მორთული სიბრტყე, სარკმლების თარო-რაფის ქვეშ. სართულს ასრულებს მძლავრად ნაშვერი სოფიტური ლავგარდანი და მაღალი პარაპეტი, მოცული მართკუთხა კუბებითა და ოვალურფრონტონიანი ნაშვერებით, ერთმანეთისგან გამიჯნული ლითონის ჭვირული მოაჯირით. ფრონტონზე სახლის მფლობელის ინიციალებია ამოკვეთილი. ფასადის მარცხენა ფლანგზე, მთელ ცოკოლსა და I სართულს მოიცავს მაღალი და ვიწრო სადარბაზო შესასვლელი, გაფორმებული ჭვირულ სახეებიანი ორქანობიანი წინფრათი. ჭვირული ცხაურით არის შემკული სადარბაზოს ორფრთიანი ხის მოხარატებული კარიც. სადარბაზოში ქვის საფეხურებიანი კიბეა მოწყობილი. ინტერიერის ძველი გაფორმება აღარ არის შერჩენილი. სახლი L-ის გეგმარებისაა და აქვს ნახევრადგახსნილი ეზო. ეზოსკენ გამომავალი ფასადები შემინული გალერეა-აივნებია, რომელთა ალათები რამდენჯერმეა გადაკეთებული და სახეცვლილი.