ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. პირველი მაისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ციხე მდებაარეობს საღორეთისა და აგარისწყლის შესართავთან, ცენტრალური გზიდან 0,5 კმ დაშორებით. ძირითადი ფუნქცია აჭარისწყლის ხეობასა და აგარისწყალზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. გადმოცემა ციხისა და სოფლის სახელწოდებას მისი მფლობელის – ცივაძეების გვარს უკავშირებს. ციხე პატარა ზომისაა და საკმაოდ დაზიანებულიც. იგი თითქმის მიუვალია. აგებულია მაღალ, კლდოვან კონცხზე, რომელიც წაგრძელებული და ვიწყო ფორმისაა. კლდის, ფლეთილი ქვით ნაგები ციხის კონტური მრუდხაზოვნად მიყვება კლდის კონტურს. შემორჩენილია ციხის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები და ნაწილობრივ აღმოსავლეთი კედლის ზემო ნაწილი. ჩრდილო-აღმოსავლეთი გალავნის კედლის შემორჩენილი სიმაღლე-5,5 მ-ის. სისქე-0,7-0,8 მ. ციხის შიგნით შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. აქვე სამხრეთ დასავლეთ ნაწილში დაცულია კლდეში ნაკვეთი წყლის რეზერვუარი. მისი ზომებია-3,3 X 1,6 მ. შესასვლელი ციხეს ქვედა ნაწილიდან ჰქონია. კლდეთა სისტემის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე დაშენებულია კოშკი. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო; კოშკის შიგნით, საკმაოდ მაღლა (ძირიდან 2,5 მ-ზე) თავის დროზე დატანილი იყო ხის კოჭებისათვის განკუთვნილი ფოსოები. კოშკის ზედა ნაწილი მორღვეულია. კოშკს ჩრდილო და სამხრეთ ნაწილში შემორჩენილი აქვს გალავნის ნაშთი. გალავნის კედლებში (უმეტესად აღმოსავლეთით) დატანილია სათვალთვალო ნიშები; სამხრეთ კედელში შემორჩენილია სათოფურები. ციხის კედლის წყობა და სათოფურები მიუთითებს, რომ იგი აგებული უნდა იყოს გვიან შუა საუკუნეებში.
ცივასულა ეწოდება ადგილს, სადაც საღორეთისა და აგარისწყალი ერთვის ერთმანეთს. აქედან სულ რაღაც 1 კმ-ის დინების შემდეგ აგარისწყალი უერთდება აჭარისწყალს. სწორედ ცენტრალური ტრასიდან 0,5 კმ-ის დაშორებით, ტყით დაფარული მთის ფერდის კლდოვან წარმოანაქმზე, წოწოლა კლდეების სისტემაზე დაშენებულია ცივასულას ციხე. იგი აკონტროლებდა აჭარისწყალზე და მეორეს მხრივ აგარისწყალზე ზღვისპირეთისაკენ გამავალ გზებს.