ქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკის ტერიტორია - ზღვისპირა ბულვარი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ბათუმის ბულვარი ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს და მოქცეულია პლაჟისა და ქალაქის განაშენიანების ნაპირს შორის. ბულვარს ერთ მხარეს ე.ნინოშვილის ქუჩა საზღვრავს, მეორე მხარეს კი პლაჟის ქვიშა. ბულვარში არის არქიტექტურული ძეგლი-ზღვისპირა კოლონადა (1930-იანი წწ). ძეგლად აღრიცხული საზაფხულო თეატრი (აშენდა 1948წ. არქიტ. კ. ჯავახიშვილი, ბ. კირაკოსიანი) დაიწვა 1996 წელს. ადაპტირებული თეატრი აშენდა
2011წ. ბათუმის კონცხი შექმნილია მდ. ჭოროხის ნატანი ქვიშით და ჯერ კიდევ XIXს-ის დასაწყისში ზღვა დღევანდელი ბულვარის ტერიტორიამდე აღწევდა. XIX ს-ის ბოლოსთვის ჩამონატანმა ქვიშამ თანდათან შექმნა პლაჟი, ზღვამ უკან დაიხია და შესაძლებელი შეიქმნა ზღვისპირა ბაღის გაშენება.ზღვისპირა პარკის მოწყობა დაიწყო 1881 წლის ბოლოს ბათუმში უკვე არსებობდა ქალაქის ბაღის მშენებლობის გეგმა. დავით კლდიაშვილის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ გეგმის განხორციელებას ხელი შეუწყო პოლიცმეისტერმა, პოლკოვნიკმა - ვოზნესენსკიმ, რომელმაც ფოთიდან ჩამოიყვანა- მოხუცი, გერმანელი მებაღე, ვინმე რესლერი. მან 500 დეკორატიული ნერგი ჩამოიტანა და შეუდგა ქალაქის გამწვანებას. მისი გარდაცვალების შემდეგ, ის ფრანგმა მებაღემ დ ალფონსმა ჩაანაცვლა, 1888 წელს მისი ადგილი რესლერის მოსწავლემ-ნ. ტყებუჩავამ დაიჭირა. თავიდან ზღვის ნაპირის სიახლოვის გამო, მასში მოწყობილი იყო ორი საქვეითო ხეივანი. მხოლოდ 1895 წელს, როდესაც ზღვამ რამდენადმე უკან დაიხია და სანაპირო გაფართოვდა, შესაძლებელი გახდა პლაჟის მოწყობაც. პარკის ტერიტორია წარსულში 5 ჰა-ს შეადგენდა -1000 მეტრი სიგრძისა და 19-53 მეტრამდე სიგანის. ბათუმის 1900 წ. გეგმაზე ბულვარი უკვე საკმაოდ განვითარებულია. ბულვარი თითქმის ერთ ვერსზე იყო გაჭიმული და ერთ_ერთი საუკეთესო იყო რუსეთის იმპერიაში. ბულვარში იმ დროს განთავსებული იყო ბუფეტ-რესტორანი, მუსიკალური როტონდა, სამკითხველო, `ბათუმის ფიზიკური განვითარების საზოგადოების- ნაკვეთი ველოტრეკით, ჩოგბურთის კორტებით, სკეიტინგ-რინგით (საციგურაო მოედნით), ტანვარჯიშის დარბაზით და ა.შ. ბულვარის დასაწყისში მდებარეობდა ზღვის წყლის აბაზანებიანი სამკურნალო დაწესებულება; ზღვის პლაჟზე გამოყოფილი იყო უფასო და ფასიანი (კეთილმოწყობილი) საბანაო მონაკვეთები. 1949-51 წლებში პარკის ტერიტორია გაფართოვდა. იგი გადაიჭიმა სპორტული კომპლექსიდან ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტამდე და მოეწყო მწვანეში ჩაფლული ფართო ხეივნები. ოდნავ მოგვიანებით ბულვარში მოეწყო საჩოგბურთო კორტები, აშენდა სპორტული კომპლექსი -`დინამოს სტადიონი და სხვადასხვა ზომის და ფორმის ფანჩატურები და კაფე-ბარები, რომელთა ფორმები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მათ შორის, გამოირჩევა 1975 წელს, ბულვარის ბოლოს, მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აგებული ორიგინალური ფორმის კაფე ,,ფანტაზია“ - არქიტექტორი გ. ჩახავა, მხატვარი ზ. კაპანაძე. გაიმართა გასართობი ატრაქციონები. ამჟამად, ბულვარის ტერიტორია 2 კმ-ზეა გადაჭიმული და მოიცავს 21 ჰა-ს. ზღვის მხარეს ორი 6 მეტრი სიგანის ასფალტირებული ხეივანია მოწყობილი და გაყოფილია შუაში გაზონებით. ზღვისპირა პარკი წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას.