საცხოვრებელი სახლი, ყოფილი აფთიაქის შენობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ქ. ქობულეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა, ყოფილი აფთიაქის შენობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქ. ქობულეთის ცენტრალურ გზაზე, დავით აღმაშენებლის გამზირის #130-ში მდებარეობს. ნაგებობა, სავარაუდოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. გადმოცემით, მასში აფთიაქი იყო მოთავსებული, რომელთანაც ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი ბინაც. ამჟამად შენობის პირვანდელი ფუნქცია დაკარგულია და ის საოფისე დანიშნულების ფართად არის ქცეული. ქალაქის რეგულარულ განაშენიანებაში ჩართული სახლი ერთსართულიანი, მაღალ ცოკოლზე მდგომი ნაგებობაა, რომლის არქიტექტურულ-მხატვრული მახასიათებლები ადრეული მოდერნის სტილის ნიშნებს ატარებს. თუნუქით გადახურული და სადა, არქიტექტურული სამკაულის გარეშე წარმოდგენილი ლავგარდანით დასრულებული კედლები გლუვად შელესილი და შეღებილია. ნაგებობა ქალაქური ტიპის, ე. წ. შემოსავლიანი სახლების იდენტური საცხოვრებელი სახლი უნდა ყოფილიყო, რომლის არქიტექტურულ კომპოზიციას კრავს ქუჩაზე გამომავალი პომპეზური ცენტრალური ფასადი, სადა გვერდითა ფასადები და მარცხენა მხარეს წარმოდგენილი შიდა ეზო. სოლიდური დაშთამბეჭდავია ქალაქის გამზირზე გამომავალი ასიმეტრიული კონფიგურაციის მთავარი ფასადი, რომელიც წარმოდგენილია ღია ლოჯიებით ფლანკირებული, გუმბათით გადახურული ცენტრალური ერკერითა და მარჯვენა ლოჯიასთან მისასვლელი ორმარშიანი პარადული კიბით. ყურადღებას იქცევს სადა მოჩარჩოების სწორკუთხა სარკმლებით დანაწევრებული ხუთწახნაგა ერკერი, რომელსაც შპილით დასრულებული, მაღალი გუმბათი ადგას. ერკერს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს კიბით გაფორმებული ლოჯიის მხრიდან. აღსანიშნავია ლოჯიის მოშინდისფრო-აგურისფერ ტონში გადაწყვეტილი კერამიკული ფილებით მოგებული იატაკი (ბერძნული მენადრის არშიითა და სტილიზებული ყვავილების ნახატით გაფორმებული) და ავთენტური, მოდერნის სტილში გადაწყვეტილი კარ-სარკმლის ღიობებით (მხოლოდ ერკერის კედელშია ახალი რკინის კარი ჩასმული); სწორკუთხა საპირეებში ჩასმული ორფრთიანი კარიც და სარკმელიც, სტილიზებული შროშანის ყვავილით აქცენტირებული მცენარეული მოტივების მიხედვით არის შესრულებული. ფასადის მეორე კონსტრუქციულ-მხატვრულ აქცენტს ორმარშიანი კიბე წარმოადგენს. თორმეტი საფეხურისაგან შემდგარი კიბის შუაწელზე გამოყოფილია დეკორატიული ხე-მცენარეებისათვის განკუთვნილი ბუდე, რომლის უკანაც პროფილირებული ქვის ბალისინებით გაწყობილი მოკლე მოაჯირია აღმართული. ანალოგიური გაფორმება აქვს კიბისა და ლოჯიის შემომსაზღვრელ მოაჯირებსაც. ლოჯიის ჭერი ორ კვადრატული კაპიტელებით დასრულებულ, მრგვალ სვეტებს უკავია, რომელთაგან ერთი დამოუკიდებლად მდგომია, მეორე კი ლოჯიის კედელზეა ამოყვანილი. ცენტრალური ფასადის ლოჯიის მდიდრული მხატვრული გაფორმებისაგან განსხვავებით, მოკრძალებულია გზისპირა და მარცხენა ფასადის კუთხეში მოქცეული, ეზოში გამომავალი ლოჯია. რომლის მრგვალი, კვადრატულ კაპიტელიანი სვეტები ქვის ყრუ მოაჯირს ებჯინება, ხოლო ოთხსაფეხურიანი კიბე ბაღში გამავალ და ფილებით მოკირწყლულ ბილიკს უერთდება. ლოჯიის კარ-სარკმლის ღიობები და იატაკი მხატვრული გაფორმების გარეშეა წარმოდგენილი. მოვლილი, თუმცა კეთიმოწყობას მოკლებულია ეზოს ბაღი, რომელსაც მარცხენა ფასადის ცემენტით შელესილი და სწორკუთხა სარკმლებით დანაწევრებული, ავთენტურობას მოკლებული კედლები გადაჰყურებს. ავთენტურობა სრულად დაკარგული აქვს შენობის მარჯვენა, გამზირის პერპენდიკულარულ ქუჩაზე გამომავალ ფასადს. სწორკუთხა სარკმლებით დატიხრულ ფასადზე თუნუქის ღია მოცისფრო ტონზე გადაღებილი დამცავი ფირფიტებია აკრული; ახალია მეტალო-პლასტმასის სარკმლებიც.