ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მარადიდი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის ჯამე აჭარული მეჩეთების საყურადღებო ძეგლია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აიგო. ქვით ნაშენი ჯამე, არქიტექტურულ-მხატვრული იერსახით, რეგიონისათვის ტრადიციული ხის მეჩეთების ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ნაწილია, აჭარული საცხოვრებელი სახლის სახესხვაობის შენარჩუნებით. სწორკუთხა გეგმარების ორსართულიანი ჯამე, ნახევარსარდაფსა და ორსინათლიან სამლოცველო დარბაზს მოიცავს, რომლის ინტერიერიც ცენტრალურ ნაწილში დაბალი გუმბათით არის გადახურული. აღსანიშნავია ინტერიერის მხატვრული გაფორმება, რომელიც, უმეტესად, მცენარეულ მოტივებზე დაფუძნებულ ხეზე კვეთილობის ოსტატობას წარმოადგენს.