ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N34 - ნოდარ დუმბაძის ქუჩა N16-18
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასწყისში აგებული ორი ქუჩის კუთხეში მდგარი ორსართულიანი მანსარდიანი შენობის ფასადები დატვირთულია ნალესობაში გამოყვანილი რენესანსულ-ბაროკული და მოდერნული სტილის დეკორატიული ელემენტებით. ნაგებობის ჩამოკვეთილი კუთხე და განაპირა ნაწილები სრულდება შპილიანი გუმბათებით. კუთხის გუმბათის ორივე მხარეს, ოდნავი დისტანციით კი, მაღალი ოთხქანობა გადახურვებია. I სართულის კედლების ზედაპირი დამუშავებულია წახნაგოვანი ზედაპირების მქონე რუსტებით. ამ სართულს რიტმულად ჩალაგებული მშვილდათაღოვანი, სადა არშის მქონე და ზედა ნაწილში დეკორატიული ნაძერწობით მორთული ღიობები ანაწევრებს. ნაგებობის II სართული უფრო მეტად არის დატვირთული ნაძერწი სამკაულით: კედლის სიბრტყე დანაწევრებულია დაბალი რუსტებით, თანაბარი რიტმით გაჭრილი ღიობები კი, სწორკუთხა მოხაზულობისაა. ფასადს ასრულებს მაღალი, წყვეტილი პარაპეტის კედელი. კედლებს შორის კი, რიკულების მწკრივებია. პარაპეტს მოსდევს თევზის ქერცლისებური საფარით დაბურული მაღალი მანსარდა, სწორკუთხა და თაღოვანი სარკმლებით. სარკმლები, თავის მხრივ, სამკუთხა და თაღოვანი ნაძერწი სმკაულით მორთული ფრონტონებით არის დაგვირგვინებული. შენობას პირველ სართულზე ხუთი შესასვლელი აქვს. კ. გამსახურდიას მხარეს, განაპირა ნაწილში კი, შიდა ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია, რომლის თავზეც ლითონის აივანია მოთავსებული. შენობამ არაერთხელ განიცადა რეკონსტრუქცია (XX საუკუნის შუა ხანებში, 2008-2010 წწ.) შენობა თავდაპირველად ორსართულიანი იყო, რამდენიმე წლის წინ მას გუმბათებიანი მანსარდა დააშენეს და ფასადებზე დეკორატიული სამკაულით უხვად შეამკეს. იგი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საყურადღებოა, როგორც დომინანტი და მაორგანიზებელი მოცულობა ამ უბნის განაშენიანებაში.