26 მაისის ქუჩა N32 / მემედ აბაშიძის ქუჩა N58
სამხედრო გუბერნატორის ყოფილი რეზიდენციის ორსართულიანი შენობა 1899 წელსაა აგებული, მისი ფასადები რენესანსულ-კლასიცისტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებითაა გაფორმებული. ნაგებობის პირველი სართულის კუთხე ჩამოთლილია და მის თავზე შპილიანი გუმბათით დასრულებული აივნიანი ერკერია გადმოკიდებული.
პირველი და მეორე სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია თარო ფორმის შვერილით, რომლის ქვეშ “კბილანების” დეკორატიული მწკრივია. პირველი სართულის პროფილირებულ საპირეში ჩართულია სწორკუთხა ჩანართები და სკულპტურული გამოსახულებები. მეორე სართულის თაღოვანი ფართო ღიობების მორთულობაში ჩართულია კორინთულკაპიტელიანი პილასტრები, დეკორატიული კრონშტაინები და კბილანების მოტივი.
.ნაგებობა გამოირჩევა თავისი პროპორციით, ფასადების უხვი მორთულობით და მშენებლობის მაღალი ხარისხით.